„საქართველოში ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნაა შესაძლებელი“- აკა მორჩილაძე
საქართველოში ღვინის კულტურას რვაათასწლიანი ისტორია აქვს, რასაც ცხადყოფს სხვადასხვა ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალა თუ ლიტერატურული ძეგლი.
ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველაზე ცხადად სწორედ საქართველოში გამოჩნდა. ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, არქეოლოგებმა ძვ.წ. VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს, რომლებიც ვაზის კულტურულ სახეობას, „Vitis Vinifera Sativa“-ს მიაკუთვნეს. შეისწავლეს ნამოსახლარზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტიც, რომლებზეც ღვინის მჟავას კალციუმის მარილის არსებობა დადასტურდა. ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია დანგრეული გორის მეზობლად მდებარე ნეოლითური ხანის სხვა ნამოსახლარებშიც. ეს აღმოჩენები მოწმობს, რომ ძვ.წ VI-V ათასწლეულებში აქ დასახლებული ადამიანი უკვე ეწეოდა მევენახეობას, ხოლო თიხის ჭურჭლის ნატეხები ამტკიცებს, რომ ამ პერიოდისთვის ეს საქმიანობა უკვე კარგად იყო განვითარებული, შესაბამისად, ვაზის მოშინაურების პროცესი საქართველოში ბევრად უფრო ადრე დაიწყო. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ აქ მცხოვრებ ადამიანს არ სჭირდებოდა ვაზის სხვა ტერიტორიიდან ჩამოტანა- ველური ვაზი სამხრეთ კავკასიაში ყოველთვის იყო. ის ჩვენს ტერიტორიაზე დღესაც არის გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მსოფლიოს 4000 ვაზის ჯიშიდან 500-ზე მეტი ქართულია.
ვაზმა და ღვინომ ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ქართველებში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა- წმ.ნინო სწორედ ვაზის ლერწებისგან შეკრული ჯვრით შემოვიდა საქართველოში, ღვინო კი მაცხოვრის სისხლთან გაიგივდა.
ქუთაისთან ახლოს, ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია მამაკაცის ბრინჯაოს ქანდაკება ყანწით ხელში, რომელიც თარიღდება ძვ. წ VII საუკუნით, ე.ი. ამ დროისათვის საქართველოში უკვე ჩამოყალიბებული იყო არამარტო ღვინის დაყენების ტექნოლოგია, არამედ მისი სმის კულტურა.
საქართველოში ღვინის არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში:
ქსენოფონტე(ძვ.წ.V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო „სურნელოვანი და საამო“ იყო.
სტრაბონის(ძვ.წ.I ს.) ცნობით კი, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულად მოხმარება არ შეეძლო.
ქართულ მეღვინეობაზე საუბრობდნენ აპოლონიოს როდოსელი, ჰეროდოტე, პროკოფი კესარიელი და ჰომეროსიც, ხოლო მომდევნო ეპოქაში შარდენი, პეტჰოლდტი, ლამბერტი, ჯუდიჩე და სხვები, რომლებიც სხვადასხვა დროს ეცნობოდნენ საქართველოს რეგიონებს, აქებდნენ ქართულ სუფრას, წეს-ჩვეულებებს, ღვინის ხარისხს და აღნიშნავდნენ, რომ საქართველო უძველესი ტრადიციული მეღვინეობის ქვეყანაა და ქართული ღვინო საუკეთესოა.
"საქართველო ღვინის აკვანია" - თქვა ჰიუ ჯონსონმა, ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და პუბლიცისტმა, რომლის თაოსნობით 1999 წელს ლონდონში გაიხსნა მუდმივმოქმედი ქალაქი "ვინოპოლისი"- ვაზისა და ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა. გამოფენა სწორედ საქართველოს პავილიონით იწყება, სახელწოდებით "საქართველო - ღვინის აკვანი", სადაც წარმოდგენილია უძველესი ხანის წიპწები, თიხის ჭურჭელი და სასმისები.
ეს ყველაფერი- არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნეოლითური ხანის ქვევრის ტიპის ჭურჭელი, კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები, თიხის საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტები, ვაზის ველურ ჯიშთა მრავალფეროვნება, ღვინის უნიკალური ჭურჭელი - ქვევრი და ქვევრის ღვინის დაყენების დღემდე შემორჩენილი მეთოდი მიუთითებს, რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა. ის ფაქტი კი, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ნამდვილად ვაზის სამშობლო“ და „ღვინის აკვანია“!